Wednesday, May 2, 2012

გამოყენებული ლიტერატურა:


  1. http://444.ucoz.es/blog/2010-02-26-1177
  2. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-help---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&cl=CL4.2&d=HASH01ec6fb2e
  3. http://burusi.wordpress.com/2010/03/28/shavgulidze/
  4. http://www.mod.gov.ge/index.php?page=101&CV=14&lang=0
  5. http://www.buki.ge/author-2123.html
  6.  http://www.youtube.com/watch?v=K-efQSLw6iM

,გუთნის დედა' ალექსანდრე ჭავჭავაძე

გუთნის დედა



მშვიდობით, ხოდაბუნო, მშვენიერო და კარგო, 
ამას იქით ვეღარ გხნავ, ასე უნდა დაგკარგო, 
ცხენი დამზანტებია დრო მრავალ-გამოვლილი, 
გდია თავ ჩამოგდებით ჩუთის წევით მოღლილი. 
კვლავ მასც ჰქონდა ერთი დრო რომ რამდენსმე დღიურსა. 
ერთის შებმით მოჰხნევდა, არ გაიბერტყდა ყურსა. 
ახლა გინდ ათი სახრეც კაცმა ზედ დაამტვრიოს 
მგონია ერთი კვალიც რიგზე ვერ გააკვლიოს. 
ნეტავი მას დროს, ცხენო, რომ ყელმოღერებული, 
კუნტრუშით აბრუნებდი ბელტებს განხურვებული, 
ახლა ასე მგონია, რაგინდ თავი აწყვიტო, 
ბაწრითაც რომ დაგაბა, ისიც ვეღარ ასწყვიტო. 
უწინ მწვე არ ვიტყოდი, ეს მიწა მაგარია, 
ჩემთვის მაშინ სწორ იყო ველი, მთა და ბარია, 
თუ გონებაზე ვიყავ, მაშინვე შევაბემდი 
ჩემსა ჩუთს და სიმღერით ყამირსაც ლბილებრ ვხნევდი. 
ზოგი მიწა მტკიცეა, ზოგი ხმელი, ქვიანი, 
ზოგს ხირხატს ეძახიან, ზოგი არის წყლიანი, 
მაგრამ სულ ტყუვილია, ადგილით რა იქმნება, 
თუ მხვნელი თითონ ვარგობს, ყველგან ხლტომით იხვნება. 
ვინ დასდევდა ახოსა ეკლიანს, ძეძვიანსა, 
ყველგან ვხნევდი და ვმკიდი ნაყოფს ბარაქიანსა, 
მაგრამ ახლა სიბერემ მეც გამაწყო არჩევას, 
ატყევებულთ ნახნავთა ვეღარ უბედ გარღვევას. 
თუ ადგილი არ მომწონს ვჯავრობ, ვშფოთავ, ვღონდები, 
მაგრამ ლბილთ ხოდაბუნთა კვალად ისევ ვეწყობი. 
და იმათაც ასეთთა, რომ აბრეშუმებრ ბალახს 
კრძალვით ძლივ გაებედვნოსთ თავის ჩენა იმ ალაგს. 
ეჰ, ნეტა რაღად მინდა რჩევა ალაგებისა, 
რადგანც ღონე არა მაქვს არც ხვნის, არცა თესვისა, 
ჭაბუკო მეგუთნენო! თქვენც ხართ, ვიყავ მე ვითა. 
ამისთვის შემიბრალეთ ცრემლისა დათხევითა; 
და თქვენ, ხოდაბუნებო, ჩემს მოხუცებულს ცხენსა, 
ბალახის მოძოვებით მაინც სცემდეთ ნუგეშსა. 
თქვენს ხვნაზე ხელის ამღე მხოლოდ ჭვრეტით ვიხარებ 
და თქვენს მწვანეზე სრბოლით გულის წყლულს დავიამებ


ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეტური სტილის პრობლემა




ქართველ რომანტიკოს პოეტთა შემოქმედების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ წარმოადგენს მეცნიერული პოლემიკის საგანს. ეს განსაკუთრებით შეეხება ალ. ჭავჭავაძეს, რომლის ნაწარმოებებში ესა თუ ის მკვლევარი პოულობს სრულიად განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და, ამ უკანასკნელთა ინტერპრეტაციის შესაბამისად, მიაკუთვნებს მის პოეტურ მემკვიდრეობას რომანტიზმს, კლასიციზმს, სანტიმენტალიზმს ან მიიჩნევს ძველი ქართული ლირიკის განვითარების უკანასკნელ საფეხურად, და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ პოლისტილურობა, რომლითაც აღბეჭდილია ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება, საერთოდ, დამახასიათებელია XVIII ს. დასასრულისა და XVX ს. პირველი ნახევრის ლიტერატურისთვის. ასე, მაგალითად, რომანტიკული და რეალისტური პოეტიკის ნიშნები ერთდროულად გვხვდება „დიდი რეალისტის“, ბალზაკის „ადამიანურ კომედიაში“; ასევე, პუშკინმა, რეალიზმის პოზიციებზე გადასვლისას, საბოლოოდ როდი შეაქცია ზურგი რომანტიზმს, არამედ დიდწილად თავისი სიჭაბუკისდროინდელი რომანტიკული მრწამსის ერთგული დარჩა. გ. გაჩევის თქმით, „ამ პერიოდში არსებობს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორი ტიპი: ერთი მხრივ, გოეთე-შილერის, მოცარტ-ბეთჰოვენის სინთეზური ხელოვნება, მეორე მხრივ კი - რომანტიზმი...“ (5,150). საზოგადოდ, აღიარებულია, რომ რომანტიზმის ეპოქაში სრული განვითარება ჰპოვა სტილების ურთიერთჩანაცვლების, მათი „თამაშის“ იდეამ.
ტერმინი „სინთეზური“ აღწერითი ხასიათისაა და ვერ განმარტავს რომანტიზმის ეპოქაში პოლისტილური ხელოვნების ფართოდ გავრცელების მიზეზებს, თუმცა ის მაინც უფრო ადეკვატურია, ვიდრე ამგვარი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სტილური მრავალფეროვნების უგულებელყოფა, რაც გამოიხატება, მაგალითად, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური პოეზიის მიკუთვნებაში ხან ერთი, ხან - მეორე ლიტერატურული მიმდინარეობისადმი.
როგორც ჩანს, აქ გარკვეული როლი შეასრულა ე. წ. ასოციაციური აზროვნების ინერციამ, რომელიც გულისხმობს ორი მოვლენის (ამ შემთხვევაში - ამა თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობის და, მეორე მხრივ, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების) შესახებ მეტ-ნაკლებად სტატიკური წარმოდგენების ურთიერთშეკავშირებას და, შედეგად, ცალმხრივი დასკვნების გამოტანას. ამგვარი კვლევისას მეცნიერის თვალთახედვის არის მიღმა რჩება შესასწავლი მასალის კონკრეტული, განუმეორებელი თავისებურებანი.
ასოციაციური აზროვნება (სემიოტიკის მამამთავრის - ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით) ენის, ენობრივი პლანის დამახასიათებელია. ის არ ითვალისწინებს ტექსტების არსებით ასპექტებს, კერძოდ, მათ სისტემურობას, მათში მონაწილე ერთეულების სინტაგმატურ ურთიერთმიმართებებს ანუ მათ სტრუქტურას.
რას გულისხმობს ტექსტის ერთეულთა სინტაგმატური მიმართებების ანალიზი? ესაა ტექსტის განხილვა მეტყველების პლანის გამოვლინების სახით, ანუ გათვალისწინება იმისა, რომ ტექსტში, როგორც სისტემაში, „თითოეული წევრი ნიშნობრივი ღირებულებით აღიჭურვება მხოლოდ წინამორბედ ან მომდევნო (ან ორივე) წევრთან შეპირისპირების მეშვეობით“ (8; 155).
ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში მის ტექსტთა შეპირისპირების ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნევა. პირიქით, იზოლირებულად განიხილება პოეტის სატრფიალო ლირიკა, ეროვნული და სოციალური თემატიკისადმი მიძღვნილი ლექსები და, ბოლოს, „გოგჩა”.
(სინტაგმატური მიმართებები ანუ ტექსტის სტრუქტურა ყურადღების ცენტრში მოექცა უკვე რუს ფორმალისტთა ნაშრომებში, აგრეთვე - სტრუქტურალიზმსა და შემდეგდროინდელ თეორიულ კონცეფციებში. ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია ბახტინისეული კონცეფცია დიალოგიზმის შესახებ და თვით ტერმინი დიალოგურობა, რომელიც აშკარად მიუთითებს ავტორის მიერ ტექსტის, როგორც მეტყველების პლანისადმი მიკუთვნებული ფენომენის განხილვის შესახებ. ასოციაციური აზროვნების პრინციპებით ვერასოდეს გამოვლინდებოდა დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობა, მათი დიალოგიზმი. ენა დიალოგური ვერ იქნება, დიალოგური შეიძლება იყოს მხოლოდ მეტყველება. პოლიფონიურობის ცნება შემდგომ მოგვევლინა ინტერტექსტუალობის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპის სახით).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი ლიტერატურის განვითარების სინთეზურ ანუ პოლისტილურ ეტაპს, რომელიც წინ უძღოდა რომანტიზმს, წინარერომანტიზმს ანუ „პრერომანტიზმს“ უწოდებს. მათი აზრით, ეს უკანასკნელი სწორედ სტილური ეკლექტიზმის გამო არ მიეკუთვნება რომანტიზმს. ამასთან, თუ დადასტურდება, რომ სტილური ეკლექტიზმი სწორედ რომანტიზმმა შემოიტანა, მაშინ ჟბჟ საუკუნის პირველი ნახევრის ყოველი პოლისტილური ლიტერატურული ფენომენი რომანტიზმს უნდა მივაკუთვნოთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ რომანტიზმის პოეტიკის პრინციპები პოლისტილურ ხელოვნებაში მეტად სპეციფიკური ფორმით ვლინდება.
ამავე თვალსაზრისის თანახმად, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში კლასიცისტური პოეტიკის ელემენტების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ პოეტი, თავისი მრწამსით, კლასიცისტი იყო. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიმდინარეობათა მიმართ.
* * *
ყოველთვის, როდესაც ამა თუ იმ ხელოვანის მიერ შექმნილ მხატვრულ ტექსტებში ვლინდება ურთიერთგანსხვავებული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შეიძლება ვიმსჯელოთ არა მარტო ავტორის მრწამსის ევოლუციის (ან კიდევ - „სინთეზურობის„) შესახებ, არამედ - სინქრონულ ჭრილში - მის ცნობიერებაში განსხვავებული თვალსაზრისებისა და, შესაბამისად, „ხმების“ თანაარსებობის შესახებ. ისეთი შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც „ხმების“ „დიალოგი“ წარიმართება ცალკეული ტექსტების ჩარჩოებში (ამის ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებები), მათი ურთიერთმიმართება თავს იჩენს ყველა ტექსტის როგორც ერთიანი სისტემის (რომლის ელემენტებადაც გვევლინებიან ცალკეული ნაწარმოებები, ან მათი თემატურად ან კიდევ - სხვა პრინციპით ორგანიზებული ჯგუფები) ფარგლებში.
სწორედ ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თემატური შეპირისპირება იძლევა მათი ახლებურად გააზრების შესაძლებლობას. კერძოდ, აქ გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, „გოგჩისა“(და თემატურად რომანტიზმისადმი მიკუთვნებული სხვა ლექსების) და, მეორე მხრივ, ალ.ჭავჭავაძის შემოქმედების მთელი დანარჩენი ნაწილის ურთიერთმიმართება. ამ უკანასკნელის შესაბამისობას პოეტის ჭეშმარიტ განწყობილებებთან, ერთგვარად, ეჭვქვეშ აყენებს „გოგჩა“, მისი ტრაგიკული, რომანტიკული მსოფლაღქმით, და ხელოვნურობის იერსაც კი ანიჭებს მას. შემთხვევით როდი წერდა კიტა აბაშიძე, რომ ალ. ჭავჭავაძეს „ერთხელაც არ მოუმართავს თავისი ქნარი ისე, რომ კვნესით აღსავსე ჰანგები არ დაემღერებინოს ზედა, ერთხელაც არ ჩამოუკრავს სიმები თავისი ჩონგურისა, რომ ცრემლის მომგვრელი სამგლოვიარო ხმები არ გამოეცეს მის ჩონგურს“ (1; 22).
დაახლოებით მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამდა გ. ასათიანიც: „ალ. ჭავჭავაძის ჯედონიზმი პესიმისტური წარმოშობისაა და სამყაროს გარდუვალ, სასტიკ ძალთა წინაშე ადამიანის ფიზიკური უმწეობის, მისი წარმავლობისა და ბედუკუღმართობის შეგნებაში ჰპოვებს თავის ნიადაგს“ (2; 104).
ეს ინტუიციურად მიგნებული მართებული დასკვნები დამატებით დადასტურებას საჭიროებს, რაც შეიძლება განხორციელდეს ალ. ჭავჭავაძის ზოგიერთი სტილური ნიშნის ანალიზის მეშვეობით.
კერძოდ, ალ. ჭავჭავაძის ენობრივი სტილი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მრავლობითი რიცხვის ფორმების ხშირი გამოყენებით: „მდგმურთა“, „ჭურთა“, „მზაკვარნი სულნი“... („ვაჰ, სოფელსა ამას“); „ჰკვნესს გული, ძმანო“...(„პყრობილისაგან თანაპყრობილთა მიმართ“); „შენობათა“, „ქალაქნი“, „პალატთა“, „ბანოვანთ“, „ხელოვანნი“ („გოგჩა“) და ა.შ.
ხშირად გვხვდება განმაზოგადებელი მეტონიმიები: „ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა“ („ვაჰ, სოფელსა ამას„), „აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად“ („გოგჩა„) და სხვ.
განსაკუთრებით დამახასიათებელია სინეკდოქეებისა და გაცვეთილი მეტაფორების ხმარება. ყველა ამ ელემენტს ერთი და იგივე ფუნქცია აკისრია, კერძოდ, თუ მრავლობითი რიცხვი ახორციელებს საგანთა განზოგადებას და შესაბამისად, მათი, როგორც თვისებრივად განუსხვავებელი ობიექტების ერთობლიობის წარმოდგენას, სინეკდოქეები, თავის მხრივ, „ამქრქალებენ საგანთა კონტურებს“ (რ. იაკობსონი) და გაცვეთილი მეტაფორებიც ერთგვარად ნიღბავენ საგანთა კონკრეტულ ნიშან-თვისებებს.
ობიექტური სამყაროს ალ. ჭავჭავაძისეული ხედვა, ფაქტობრივად, მისი „არხედვაა“, რაც გულისხმობს პოეტის მიერ ამ სამყაროსადმი უარყოფით დამოკიდებულებას. „უცხო“სამყარო - უძრავი, სტატიკური და ბრტყელია. ამ სამყაროში არ მოიპოვება დისკრეტული ობიექტები და ამიტომ ის დაუნაწევრებლად აღიქმება, უცხოენოვანი მეტყველების მსგავსად...“; ამასთან, „უცხო საგნები და საგნობრივად აღქმული ცოცხალი არსებები წარმოქმნიან ერთიან, დაუნაწევრებელ, მტრულ მასას, რომელიც შედგება აბსოლუტურად იგივეობრივი, ერთი და იმავე სახელწოდების მქონე ერთეულებისგან“.(7; 58).
აქედან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძესთან მრავლობითი რიცხვის ფორმები, მეტონიმიები (სინეკდოქეები) და გაცვეთილი მეტაფორები იმავე როლს ასრულებს, რაც ეკისრება „ბინდის“, „შემოღამების“ მოტივს ნიკოლოზ ბარათაშვილთან და, საერთოდ, მთელ რომანტიკულ მწერლობაში.* „ბინდის“ მოტივი წარმოქმნის სამყაროს როგორც „უცხო“, „შემზარავი“მოცემულობის ხატს. ასევე აღიქვამს გარემოს ალ. ჭავჭავაძე. პოეტისთვის გარესამყარო „უცხო“ სამყაროა, რომელშიც მისი თვალთახედვა ვერ არჩევს კონკრეტულ საგნებს მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თვისებებით.
კიდევ უფრო საინტერესოა ალ. ჭავჭავაძის ქმნილებებში ხორცშესხმული „მე„-ს კონცეფცია.
ვფიქრობთ, მართებული არაა თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ალ. ჭავჭავაძის სატრფიალო ლირიკის მთავარ საგანს ადამიანის პირად, სუბიექტურ განცდათა სამყარო წარმოადგენს... ამ მხრივ იგი მართლაც ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტია, როგორც ეს არაერთგზის აღნიშნულა მისი შემოქმედების მკვლევართა მიერ“ (2;105).
თუმცა ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში „სუბიექტურ განცდათა სამყარო“ მართლაც წარმოჩენილია, მაგრამ ის სულაც არ გახლავთ ინდივიდუალისტი. პოეტი არ ასახავს სამყაროს ორიგინალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვალთახედვით. მისი განცდები-მისივე სოციალური წრის განცდებია.
პოეტის „მე“წარმოგვიდგება, როგორც „ჩვენ“-ის, ე.ი. ჯგუფური, არაინდივიდუალური (და არა - ინდივიდუალისტური, საზოგადოებისადმი დაპირისპირებული) სუბიექტის მეტონიმიური გამოხატულება. ამგვარი „მე“ გამორიცხავს თვითანალიზს.
ალ. ჭავჭავაძის მსოფლშეგრძნებაში სამყარო ორადაა გაყოფილი: „ჩვენ“და „ისინი“, „საკუთარი“და „უცხო“ სამყაროები. ეს ანტინომია უკვე შეესაბამება პიროვნების რომანტიკულ კონცეფციას, მის გაორებას, წინააღმდეგობრიობას, თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლაღქმის ტრაგიზმამდე, ანუ პიროვნებისა და საზოგადოების, პიროვნებისა და მისი შინაგანი ორეულის, პიროვნებისა და სამყაროს მძაფრ, გაშიშვლებულ, აშკარად გამოხატულკონფლიქტამდე.
რა შინაარსი აქვს ამ „უცხო“ სამყაროს? და აქვს თუ არა მას, საერთოდ, კონკრეტული შინაარსი? აშკარაა, რომ „უცხო“სამყარო მოიცავს ყოველივეს, რაც „ჩვენ“ არ არის, ხოლო „ჩვენ“, რა თქმა უნდა, პოეტის „მიკროსამყაროა“, „სადაც ადამიანი ჩვეულ ატმოსფეროს ისუნთქავს და მყარ ნიადაგზე თავს ლაღად გრძნობს“ (5; 149), ანუ ესაა მისი უახლოესი სოციალურ გარემო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური შემოქმედება ერთმნიშვნელოვნად განეკუთვნება არა პრერომანტიზმს, არამედ - საკუთრივ რომანტიზმს, ხოლო თვით ეს „პოლისტილურობა“პოლიფონიურობის ერთგვარ გამოხატულებად გვევლინება. ვფიქრობთ, პოლისტილურობა და პოლიფონიურობა ურთიერთს ემთხვევა სწორედ რომანტიზმის ეპოქაში, როდესაც იწყება პიროვნების ცნობიერების მონოლითურობის რღვევა და საფუძველი ეყრება მისი შინაგანი გაორების პროცესს.
როგორ აღიქმება ამგვარ ფონზე ალ.ჭავჭავაძის სატრფიალო ლექსები, მისი „წარმართული სენსუალიზმი“?
ამ ნაწარმოებების ყველაზე აშკარად გამოხატულ სტილურ თავისებურებას წარმოადგენს სატრფოს გარეგნობის დეტალური აღწერა. ერთი შეხედვით, ალ. ჭავჭავაძის ეს მანერა ბესიკის სტილს მოგვაგონებს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავება შეიმჩნევა.
ბესიკთან დეტალი სინეკდოქეს, ე. ი. pars pro toto -ს ფუნქციით გამოიყენება („ზილფო ნაშალო...“, „მთიებო პირო'), მაგრამ არასოდეს ჩრდილავს სატრფოს სახეს, მით უმეტეს, რომ სინეკდოქეს, ჩვეულებრივ, მოსდევს უშუალო მიმართვა ამ toto -ს, ე. ი. სატრფოსადმი: „კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო“ (შდრ. აგრეთვე: „ტანო ტატანო... ზილფო კავებო...“ და იქვე: „პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო„). ზოგჯერ დეტალი მშვენიერი ქალის გარეგნობის ერთ-ერთი ნიშნის სახით წარმოგვიდგება („თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად“ და ა. შ.).
ბესიკისაგან განსხვავებით, ალ. ჭავჭავაძე მიმართავს ქალის გარეგნობის ატრიბუტების, მისი სხეულის ნაწილების გროტესკულ განკერძოება-გაცოცხლებას და ტრფობის ობიექტების სახით სწორედ მათ ასახელებს:
„საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი...“
(„მუხამბაზი“)
„ბაგე ვარდო, ნამით სველო, სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს, ო, სპეტაკო ზამბახთ ველო!“
(„ჟამნი რბიან“)
„ვეტრფი სატრფოთა თვალთა,
ღაწვ-ვარდთა, ბაგე-ლალთა“
(„უწყვლივარ ჭირთა მალვას“)
„ალვასა წვრილსა, ორ შტოვანსა გული ემონვის,
ექადის ხვევნად, უბის ვარსკვლავთ შორით ეკონვის...“
(„მუხამბაზი“)
„ვაქე, თავსა თმა მდიდარსა, რომელსა, გლახ, უბამს გული“
(„ვაქე, თავსა“)
და სხვა.
ამ სტილური ხერხის მეშვეობით დეტალი სატრფოს სახის რეპრეზენტირებას (სინეკდოქეს პრინციპი) კი არ ახდენს, არამედ თვითონ იკავებს მის ადგილს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სატრფოს გარეგნობა ერთგვაროვანი მეტაფორული გამოთქმებით აღიწერება - მისი ტანი ყოველთვის „საროა“ ან „ალვა“, ღაწვები და ბაგეები - „ვარდნი“, „ძოწნი“, „ბალახში“, თვალები - „მელნის ტბანი“, რის შედეგადაც სატრფო წარმოგვიდგება უპიროვნო და უსიცოცხლო მარიონეტის სახით. სწორედ ამ გზით ხორციელდება სატრფოს სახის გროტესკული დეფსიქოლოგიზაცია.
საყურადღებოა თვით სიყვარულის ალ. ჭავჭავაძისეული კონცეფციაც. ლექსი „სიყვარულო, ძალსა შენსა“ უშუალოდ მიგვანიშნებს, რომ „ბერი, ერი, მეფე, ძმაცა“ სიყვარულს კი არ განიცდიან, არამედ - „ჰმონებენ“, რაც გულისხმობს ადამიანთა იერარქიული სოციალური და ა. შ. როლებისა და ფასეულობითი ოპოზიციების ურთიერთშენაცვლებას, ეს კი, ბახტინის მიხედვით, დაღმასვლით, ზემოდან ქვემოთ ხორციელდება (შესაბამისად, ალ. ჭავჭავაძესთან: “...მეფე მონას ეყმოს, ...ბრძენი ხელად რებდეს“). მაშასადამე, სიყვარული მხოლოდ სახელწოდებაა იმ გარეშე ძალისა, რომელიც ადამიანებს მარიონეტებივით ათამაშებს.
ამგვარად, ალ. ჭავჭავაძისთვის დამახასიათებელია ყოფიერების კარნავალური აღქმა. პოეტი ამ კარნავალს „აღრეულობას“ (რაც თითქმის ზუსტად შეესაბამება ბახტინისეულ გამოთქმას „бессвязность миропорядка“) უწოდებს:
„აღრეულობის შიშები ვისაც არ გამოეცადოს,
მან მშვიდობისა სწორფასი ვერ დასდვას, რაზომც ეცადოს,
უბედურების ცხარს ცრემლსა ჯერ უნდა ბევრჯერ ეხადოს,
რომ კაცი დასტკბეს შემდგომად, როს ბედი გამოეცხადოს“.
ეს „აღრეულება“ არ უნდა მივიჩნიოთ ომად, ომიანობად („მშვიდობის“ ოპოზიციურ ცნებად); არამედ - სწორედ უწესრიგობად, ცვლილებად (იხ. მაგალითად, გამოთქმა „მელნისა ტბათა აღრეულება“ ლექსში „ავათმყოფობის ჟამს მიწერილი„), ცხოვრების კარნავალურ შეტრიალებად. სიტყვა „მშვიდობა“ კი აქ, როგორც ჩანს, ოდინდელ, კარნავალამდელ მსოფლწესრიგს აღნიშნავს.
აღრეულება ტოტალურია, მაგრამ დროებითი - ყოველგვარი კარნავალი ადრე თუ გვიან მთავრდება. კარნავალის დასასრული ალ. ჭავჭავაძეს წარმოუდგება, როგორც იმ ძველი პატრიარქალური ცხოვრების დაბრუნება, რომელსაც პოეტი „გოგჩაში“ ასე შენატრის.
სამყაროს, როგორც საშიშარი თეატრისა და ადამიანების, როგორც მარიონეტების გააზრება ცხადჰყოფს, რომ აქ საქმე გვაქვს რომანტიკულ გროტესკთან: „რომანტიკული გროტესკის სამყარო ესაა მეტ-ნაკლებად შემზარავი და ადამიანისთვის უცხო სამყარო. ყველაფერი ჩვეული, ნაცნობი, ყოფითი, მკვიდრი იქცევა უცხო სამყაროდ“ (4,331). სწორედ ასეთია არსებობის ჭეშმარიტი (ტრაგიკული) აღქმა, რომელიც თავს იჩენს ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებებში.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, წარმოგვედგინა ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული შრეების შესწავლის ერთგვარი წინასწარი მონახაზი. ამ კუთხით შესწავლას საჭიროებს აგრეთვე სხვა ქართველი რომანტიკოსი პოეტების და, განსაკუთრებით, გრიგოლ ორბელიანის ქმნილებები.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. კ. აბაშიძე, ეტიუდები. თბ., 1962; 2. გ. ასათიანი,„ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“. თბ., 1974; 3. ირ. კენჭოშვილი, წინასიტყვაობა წიგნისა „ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებები“, თბ., 1986; 4. Бахтин М.М. Литературно-критические статьи. М.,5. Гачев Г.Д. Жизнь художественного сознания. М., 1972 6. Пеньковский А. Б. О семантической категории “чуждости” в русскоом языке - Проблемы структурной лингвистики 1985-1987. М., 7. Соссюр Ф.Д. Труды по языкознанию. М., 1977.
Tamar Lomidze
Problem of Alexander Chavchavadze's Poetic Style
The article characterizes the stylistic peculiarities of the works of the famous Georgian poet. It has been found out that the universe in his disposition is divided into “private” and “strange” worlds. It is indicated that the elements of the romantic grotesque are revealed in Alexander Chavchavadze's works.

თამარ ლომიძე


მაკა შავგულიძე – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ისტორია და მისი განვითარების პერსპექტივები



ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში – Alexander Chavchavadze
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ისტორია და მისი განვითარების პერსპექტივები
საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.
სახლ-მუზეუმი დაარსდა XX საუკუნის 50-იან წლებში, საუცხოო, მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში გადაშლილი მამულის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელი, სახელოვანი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) იყო. [1, 5]
ჭავჭავაძეების ოჯახი სამაგალითო იყო XIX საუკუნის საქართველოში. ეს იყო ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, ყოველმხრივ განათლებული, ინტელექტუალური ოჯახი, რომელთაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს XIX საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. [2, 20] ჭავჭავაძეების ოჯახში თავს იყრიდა იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ოჯახი იყო პირველი მასპინძელი ევროპიდან თუ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული გამჭრიახი გონების ადამიანებისა. [3, 14-15]
“უკვდავებაში გადასულთა ნაღვლიანი და უძვირფასესი ისტორია” სათავეს იღებს გარსევან ჭავჭავაძისაგან (1757-1811). “წინანდლის სასახლე აგებულია გარსევან ჭავჭავაძის მიერ. რბილი ავეჯით, სურათებით, გობელენით, სევრის ვაზებით, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით, დიდი ბიბლიოთეკა. ყველაფერი ეს ღირდა ათასეული მანეთები”. [4]

გარსევან ჭავჭავაძე - Garsevan Chavchavadze
გარსევანის გარდაცვალების შემდეგ, 1835 წელს მისმა ვაჟმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ სახაზინო ბანკიდან სესხად აიღო 800 მანეთი. ამ ფულის ნაწილი მან წინანდლის მამულის გაუმჯობესებას მოახმარა, დიდი ნაწილით კი დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. [3, 12] ალ. ჭავჭავაძემ თავისი ადგილ-მამული ისე მოაწყო, რომ ტერიტორიულად ახლომახლო ფართობზე თითქმის ერთდროულად დაიწყო საცხოვრებელი სახლების, დეკორატიული პარკის, ღვინის სარდაფებისა და ვენახების გაშენება. XIX საუკუნის 30-იან წლებში ალ. ჭავჭავაძის მამულის აღნიშნული კომპლექსი, რომელიც 12 ჰექტარ ფართობზე იყო გადაჭიმული, თითქმის დასრულებული სახით გვევლინება. [2, 26]

ალექსანდრე ჭავჭავაძის პორტრეტი - Alexander Chavchavadze Portrait
ალ. ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ, მამული მემკვიდრეობით გადავიდა მისი ვაჟის, დავით ჭავჭავაძის ხელში. მართალია, იგი კარგი მწიგნობარი და ბიბლიოფილი იყო, მაგრამ სათანადოდ ვერ უძღვებოდა მამისეულ მეურნეობას. განუწყვეტელმა დროსტარებამ, ბაღ-ვენახების ქორ-ვაჭრებსა და სომეხ სოვდაგრებზე გაყიდვამ, საქვეყნოდ ცნობილი ალ. ჭავჭავაძის ადგილ-მამული მნიშვნელოვნად გაანიავა. [1, 14]

ვაჟი - დავით ჭავჭავაძე
ადგილ-მამული საფუძვლიანად დაზიანდა შამილის შემოსევის დროს, როდესაც ლეკებმა დაარბიეს და გაძარცვეს სასახლის 22 ოთახი, დაიტაცეს ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტები, ძვირფასი ჭურჭლეულობა და ქსოვილები, შალი და სხვა მრავალი ძვირფასი ნადავლი და თან [1, 15-16] 24 ტყვე წაიყვანეს. ტყვეებს შორის იყვნენ: დავითის მეუღლე ანა ხუთი შვილით, 6 წლის სალომე, 5 წლის მართა, 3 წლის თამარი, წლინახევრის ალექსანდრე, 4 თვის ლიდია, 4 წლის ძმისშვილი ელენე, ანას და — ილია ორბელიანის მეუღლე თავისი პატარა ვაჟით, ნიკოლოზ ბარათაშვილის და — ნინო, ფრანგი აღმზრდელი დრანსე, მებაღე მოსე, სოფლის მღვდელი და სხვები. [2, 28] თავდამსხმელებმა რამდენიმე საათში მიატოვეს წინანდალი და წასვლის წინ ცეცხლს მისცეს სასახლე და მისი შემოგარენი, გადაწვეს პარკი. ცეცხლის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეების მდიდარი ბიბლიოთეკა და საარქივო დოკუმენტები, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო და მოვლენა ჩვენთვის დღესაც უცნობია. [2, 28]

შამილის რაზმი წინანდალში
დავით ჭავჭავაძემ ოჯახის ტყვეობიდან გამოსახსნელად საიმპერატორო ბანკიდან სესხი აიღო, რისთვისაც თავისი ადგილ-მამულები დააგირავა. [2, 29] დავითის სიკვდილის შემდეგ მამული მისი შვილების (სამი ვაჟი და ექვსი ქალი) მფლობელობაში გადავიდა. [5, 25]
შემდგომ წლებში, ვალის გადაუხდელობა გახდა ჭავჭავაძეების გაკოტრების მიზეზი და აღებული ვალის სანაცვლოდ ადგილ-მამულები შეიძინა საუფლისწულო დეპარტამენტმა. [1, 7] 1885 წლის 25 თებერვლიდან, ჭავჭავაძეების მამულსა და ქონებას კავკასიის სამეურვეო სამმართველო განაგებდა. [5, 24] ხოლო 1886 წლის 8 თებერვალს ერთ მილიონ ნახევარ მანეთად საუფლისწულო მამულების დეპარტამენტმა შეიძინა 15089 დესეტინა ფართობის მამული. მხოლოდ ანა ჭავჭავაძეს დროებით სარგებლობაში დარჩა წინანდლის საცხოვრებელი სახლი. [6]
საუფლისწულო მამულების მიერ მოწვეული სპეციალისტების თაოსნობით გაჩაღდა ჭავჭავაძისეული ზოგიერთი შენობა-ნაგებობის გადაკეთება და ახალ შენობათა მშენებლობა. ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განიცადა ჭავჭავაძისეულმა სასახლემაც, რომელსაც სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან განუახლდა ფასადები. [3, 31-32]
საუფლისწულო მამულის უწყების ხელმძღვანელები ჭავჭავაძისეულ ნივთებს ხელაღებით ყიდდნენ, ჩუქნიდნენ, საქართველოდან გაჰქონდათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საუფლისწულო მამულის ხელმძღვანელთა მიერ გადარჩენილ სასახლეს სასტუმროს ფუნქცია დაეკისრა. [7, 152] ჯერ კიდევ 1886-1887 წლებში ჭავჭავაძეების დამწვარი სასახლის საძირკველზე აღადგინეს დღევანდელი ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ყოფილ სასახლეს სამხრეთით მოანგრიეს 35 მეტრი სიგანის ოთახები, ჩრდილოეთით – წინა ნაწილი და მიაშენეს ქართული აგურით ნაგები ფასადი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სასახლის სადარბაზო შესასვლელთან, საგანგებოდ გაფორმებულ მაღალ ვესტიბიულში, აღმართეს განიერი, მუხის მოჩუქურთმებული კიბე, რომელიც მეორე სართულზე მიემართებოდა. მდიდრულად მოწყობილი ოთახის ფანჯრებიდან და ნიშებით მორთული ფართო აივნიდან მოჩანდა ალაზნის მომხიბლავი ველი და პარკის საუცხოო პეიზაჟები. [1, 69]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
1933 წლიდან აქტიურად იკრიბებოდა ალ. ჭავჭავაძის სახლმუზეუმისათვის მასალები — ექსპონატები, მემორიალური ნივთები, საუფლისწულო მამულის დოკუმენტები, რამაც მტკიცე საფუძველი შეუქმნა მომავალ მუზეუმს. [1, 71] იუბილესათვის მზადების პერიოდში სამტრესტმა წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში გამოყო ჭავჭავაძისეული სასახლის ყოფილი სასადილო დარბაზი, სადაც მოეწყო წინანდალსა და თბილისში შეკრებილი მასალების ექსპოზიცია, ძველი ფოტოებისა და პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალების დროებითი გამოფენა. მემორიალური ნივთებიდან წარმოდგენილი იყო ალ. ჭავჭავაძისეული სურები, ჭურჭელი, ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვას ბროლის ჭიქები ინიციალებით, ავეჯი, ფერწერული ტილოები და მრავალი სხვ.
თბილისში და სოფლად შეკრებილ იქნა მეტად მდიდარი და საინტერესო ექსპონატები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა მუზეუმი, რომელიც, პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძისა და წინანდლის დეკორატიული პარკის დირექტორის, ირაკლი ხმალაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალურად გაიხსნა 1947 წლის 1 აგვისტოს.
წლების მანძილზე მრავლდებოდა მუზეუმის ფონდის მასალები და ფართოვდებოდა ექსპოზიცია. შედეგად, 1953 წელს მუზეუმს გადაეცა მეორე ოთახი — ალ. ჭავჭავაძისეული სასახლის ყოფილი სადღესასწაულო დარბაზი-სალონი.
მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ წლებში მუზეუმის კუთვნილ ნივთებს კვლავ ხელაღებით ყიდდნენ, ასაჩუქრებდნენ და გაჰქონდათ საქართველოდან, მუზეუმისათვის მასალები მაინც უდიდესი მონდომებით იკრიბებოდა.
1955 წლამდე მუზეუმის თანამშრომლების მიერ მიკვლეული იყო ჭავჭავაძეებისა და საუფლისწულო მამულების მიღება-ჩაბარების სია, რომლის მიხედვით გამოვლინდა ახალი ფრანგული სტილის ატლასის რბილი ავეჯი, სავარძლები, მაგიდები, სარკეები, მუსიკალური ინსტრუმენტები, სპილენძის თუნგები, ლამპები, ჩინური ლარნაკები, შანდლები, ფაიფურის კასრი, ფაიფურის სევრის ჭურჭელი, ბიბლიოთეკა, დოკუმენტები უფლისწულთა მამულის შესახებ, ხელნაწერთა არქივი, წერილები, საგვარეულო საბუთები, საქმიანი ქაღალდები და სხვ.
შედგენილ იქნა ალექსანდრე ჭავჭავაძის გენეალოგიის გაგრძელება და დადგინდა შთამომავალთა მისამართები. ამ გზით სახლ-მუზეუმი გამდიდრდა ბევრი საინტერესო ექსპონატით. ივანე დიმიტრის ძე რატიშვილის (დავით ჭავჭავაძის შვილიშვილ ეკატერინეს მეუღლე) ოჯახისაგან შეძენილ იქნა მრავალი ექსპონატი. მერაბ არჩილის ძე კოკოჩაშვილის (ალ. ჭავჭავაძის მეოთხე თაობა) მშობლებისა და ივლიტა და მარინე ჯორჯაძეების ოჯახიდან მუზეუმს გადაეცა ძალზედ საინტერესო ფოტოები და გენეალოგიის მასალები.
ზაქარია გიუნაშვილის ოჯახიდან მუზეუმმა შეიძინა ჭავჭავაძისეული პირველი პიანინო საქართველოში, რომელიც ალ. გრიბოედოვმა საჩუქრად მიუძღვნა ნინო ჭავჭავაძეს. წინანდალშია შეძენილი “ომანიანის” XVIII საუკუნის ხელნაწერი. ექსპონატების შეგროვებას ხელი შეუწყო შემოწირულმა ნივთებმა. პოეტ-აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა მუზეუმს გადასცა ალ. ჭავჭავაძის პირველი გამოცემისა და მუსიკალური ნაწარმოების — “მშვენიერთა ხელმწიფევ” — ნოტები. ფოტორეპორტიორმა ი. ტორმა ჭავჭავაძისეული საათი, პედაგოგმა თ. მაჭავარიანმა — ბაკალი ნინო ჭავჭავაძის ინიციალებით.
მე-XX საუკუნის 70-იანი წლებისათვის მუზეუმს ეკავა ალ. ჭავჭავაძისეული სასახლის ცენტრალური ნაწილის პირველი და მეორე სართული — ფართო აივნითა და მხატვრულად გაფორმებული ჭერმაღალი ორი ვესტიბიულით. თუმცა მუზეუმში დიდი რაოდენობის მდიდარი მასალის შეგროვება მის რეექსპოზიციასა და გაფართოებას მოითხოვდა. [1, 72-79]

საწერი მაგიდა - Writing Desk
XXI საუკუნის დასაწყისში, სახლ-მუზეუმის საერთო ფართობმა შეადგინა 1100 კვ/მ. აქედან 700 კვ/მ საექსპოზიციო ნაწილს უკავია, ხოლო 50 კვ/მ საფონდოს. [8, 147-148] მუზეუმში დაცული კოლექცია, რომელიც 4000 ექსპონატს აჭარბებს, ფუნქციონირებს სამი განყოფილების სახით: ფონდსაცავი, მემორიალური და საექსპოზიციო.
მუზეუმის ძირითად ნაწილს მემორიალური განყოფილება შეადგენს, რომელიც განთავსებულია სასახლის მეორე სართულზე 7 ოთახსა და 2 დარბაზში. აღნიშნულ ექსპოზიციაში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი XVIII-XIX საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი; ძველებური მემორიალური შანდლები, გაზის ლამპები, ოჯახის წევრთა საყოფაცხოვრებო და შთამომავალთა პირადი ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები (1 პიანინო და 2 როიალი), ძვირფასი ჭურჭელი (ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული, რუსული); ფერწერული ტილოები, ფოტოსურათები, საგვარეულო საბუთები, საქმიანი ქაღალდები; აღდგენილია ალ. ჭავჭავაძის სამუშაო კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ მემორიალური ნივთები, ალ. ჭავჭავაძის გამოქანდაკებული ბიუსტი და ფერწერული პორტრეტები; ქრონოლოგიური პრინციპით არის წარმოდგენილი ალ. ჭავჭავაძის ცხოვრების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია. აღნიშნულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ალ. ჭავჭავაძის გვარის გენეალოგია; წინაპრების, მშობლების, შვილების პორტრეტები და სხვა ფერწერული ტილოები; ალ. ჭავჭავაძის ბავშვობისა და ყრმობის, განსწავლის წლების, მისი სამხედრო და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალები; ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი; აგრეთვე წარმოდგენილია ალ. ჭავჭავაძის სალონის ამსახველი ექსპოზიცია, სადაც ავეჯთან და ფერწერულ ტილოებთან ერთად ექსპონირებულია ალ. ჭავჭავაძის ქალიშვილების პიანინო. წარმოდგენილია საქართველოს კულტურული და სოციალური ყოფის, ალ. ჭავჭავაძის შთამომავლების ყოფის ამსახველი ექსპოზიცია; გამოფენილია წინანდალში ჩამოსული სტუმრების მიერ ალ. ჭავჭავაძის ოჯახისადმი მიძღვნილი საჩუქრები; წარმოდგენილია ქართველ მწერალთა სურათები, რომლებიც იკვლევდნენ და თარგმნიდნენ ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებას; სხვადასხვა პოეტების მიერ ჭავჭავაძეების ქალებისადმი მიღვნილი ლექსები. [1, 72-79]
მუზუეუმში თავმოყრილია XVIII საუკუნის ხელნაწერები, ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი; XIX საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, პოლონური, სომხური), აღსანიშნავია მუზეუმის წიგნის ფონდი. [7, 153]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სახლ-მუზეუმის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს წინანდლის პარკი, რომელიც თავისი მცენარეული ქსოვილით ოაზისს ქმნის. პარკის დაარსების ისტორია გარსევან ჭავჭავაძის კარ-მიდამოს დაფუძნებას უკავშირდება. XVIII საუკუნის შუა ხანებში მის მიერ მდინარე კისისხევის მხარეს შემაღლებულ ადგილზე აშენებულ სასახლესა (ამჟამად სახელმწიფო რეზიდენციის სასტუმროს ადგილი) და კარის ეკლესიას (ამჟამად აღმოსავლეთის მხარის ფასადიღაა შემორჩენილი) გარშემო ხეხილის ბაღი, ვაზის ხეივნები, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებისა და ყვავილნარის სკვერები ერტყა.
ალ. ჭავჭავაძემ კეთილმოაწყო და გაალამაზა მამისეული კარმიდამო. აღმოსავლეთ მხარეს ააგო ახალი სასახლე (დღევანდელი სახლ-მუზეუმი), მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა, ააშენა მიწისქვეშა ღვინის მარანი, მისი შემოგარენი ხე-მცენარეებითა და ყვავილებით შეავსო და ამით, პარკიც საგრძნობლად გააფართოვა. თანამედროვეთა მიერ დატოვებულ მრავლად არსებულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, ალ. ჭავჭავაძეს XIX საუკუნის პირველ ნახევარში წინანდალში საკმაოდ კეთილმოწყობილი კარმიდამო და შესანიშნავი დეკორატიული პარკი ჰქონდა. [2, 30-31]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
“პარკის დეკორატიული მხარე, არქიტექტურა, როგორც თვით ფართობის, ისე საერთოდ ვერტიკალური სივრცის აღნაგობით, მაქსიმალური შესაძლებლობითაა გამოყენებული. ჯიშების შერჩევა, რაც მეტად სერიოზულ წინასწარ სამუშაოს წარმოადგენს, აქ საუცხოოდაა დაძლეული არა მარტო მათი გარეგანი შეხედულების მიხედვით, არამედ სისტემატური მიდგომითაც, მათი ფერის, საერთო ჰაბიტუსის, სიმაღლეების, ვარჯების განვითარების თვისების, ფოთლიანი და წიწვიანი ჯიშების შერჩევის, მარადმწვანე და ფოთოლმცვივი სახეების განლაგების, დეკორატიულ სწორტანიან თუ ხვიარა ბუჩქების მიხედვით შექმნილი კომბინაცია და მათი შეხამება ზედმიწევნით საინტერესოა. გზების, ბილიკების, ხვეულებისა და ყვავილნარების განლაგება ისე ოსტატურად არის შერჩეული, რომ შედარებით მცირე პარკი გრანდიოზული სანახაობის შთაბეჭდილებას ახდენს”. [9, 170]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ჭავჭავაძეთა ედემის ბაღად წოდებული კარ-მიდამოს დაქცევა 1854 წლიდან დაიწყო, როცა შამილის ლეკთა მეომრებმა დავით ჭავჭავაძის ოჯახი მძევლად გაიტაცა, ხოლო სასახლე და პარკი გადაწვა, რამაც მისი პირვანდელი სახით აღდგენა შეუძლებელი გახადა.
ამას თან დაერთო 1865 წელს მდ. კისისხევის არნახული ღვარცოფი, რომელმაც კარის ეკლესიასთან ერთად, ჩაანგრია ათობით ჰექტარი მიწის სავარგული და ჭავჭავაძეთა კარ-მიდამოს დასავლეთი ნაწილი კლდეებად აქცია.
დროთა განმავლობაში დეკორატიული პარკის ლანდშაფტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. 1886 წლამდე, სანამ მას საუფლისწულო დეპარტამენტი შეიძენდა, მისი ტერიტორია მხოლოდ ახლანდელი სახლ-მუზეუმის დასავლეთის მხარეს შეადგენდა.
ალ. ჭავჭავაძის დეკორატიული პარკის დღევანდელ სახეს საფუძველი 1886 წლიდან ჩაეყარა, როცა ალ. ჭავჭავაძის მამული საუფლისწულო მამულად გადაკეთდა და დაიწყო მისი რეკონსტრუქცია (ავტორი გერმანელი პეიზაჟისტ-არქიტექტორი არნოლდ რეგელი).[2, 32]
პარკის გაშენების პარალელურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ალ. ჭავჭავაძისეული ღვინის სარდაფებისა და სასახლის რესტავრაცია. შედეგად, შეიქმნა მონუმენტური ღვინის სარდაფი, სასახლე, ზვრები, იშვიათი სილამაზის აყვავებული პარკი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში წარმოადგენს მაღალმხატვრულ სამუზეუმო კომპლექსს, რომელშიც ხორცშესხმულია შემოქმედებითი გენია საუკეთესო ქართველი, რუსი და უცხოელი მეღვინეების, არქიტექტორების, პარკმშენებლების და სხვა სპეციალისტებისა. [2, 33]

Wine Vats
წინანდლის პარკი ცოცხალი მუზეუმია, სადაც შეკრებილია მრავალი სიმდიდრე იშვიათი მცენარეული ფორმებისა. პარკი თავისი მხატვრული შინაარსით რელიეფის, სიმწვანისა და არქიტექტურის ჰარმონიულ კავშირსა და მხატვრულ-ანსამბლურ მთლიანობაშია გამოხატული. იგი საბაღო ხელოვნების ნიმუშია, სადაც ოსტატურადაა გადაჭრილი კომპოზიციურ-სივრცობრივი ამოცანები.
პარკში აკლიმატიზირებულია უცხო და ძალზედ საინტერესო მერქნიანი ჯიშების 400-მდე სახეობა. აქედან 150-ზე მეტი ეგზოტიკური წარმოშობისაა. აქ შეკრებილი დეკორატიული მცენარეებიდან უხვადაა სუბტროპიკული ხილის მცენარეები: ლოკვა ან იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ზეთისხილი, იაპონური ხურმა; სართავებიდან: ქაღალდის ხე, დრაცენა, იუკა, ახალი ზელანდიის სელი; მთრიმლავი მცენარეებიდან: შინდი, წაბლი, წიწვოვანი ჯიშები, მუხები და სხვ. სამკურნალოა მცენარეები: წვავი, ხეჭრელი, ხეშავი; ტექნიკური: ბამბუკი, კორპის მუხა, დაფნა; კეთილშობილები: ქაფურის ხე, ცხენისწაბლა; სურნელები: თუია, ვარდი და სხვ. პარკში კვლავინდებურად დგას 400-500 წლის მუხის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ხეები, რომლებიც ჭავჭავაძეების ოჯახის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად და ბურჯად გვევლინება.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში – Alexander Chavchavadze
1933-1934 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის თანახმად, პარკში დარგული იყო 2025 ხე და 4135 ბუჩქი. მათში წიწვოვანებსა და მარადმწვანეებს 65 პროცენტი ეკავა. [2, 34] პარკის მეორე ინვენტარიზაცია 1977-78 წლებში ჩატარდა, რომლის შედეგად გადაწყდა, რომ პარკში აღდგენითი სამუშაოები ნაწილობრივ ჩატარდებოდა და ჩრდილოეთის მხრიდან მიწებიც მიემატებოდა. 1987 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ წინანდლის პარკი ლანდშაფტური არქიტექტურის ეროვნული ძეგლების სიაში შეიტანა. 1987-90-იან წლებში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში პარკის განახლების კიდევ ერთი გეგმა იქნა დასახული, რომელიც არ განხორციელდა.
მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, პარკი ძირითადად მოუვლელი იყო. ზოგიერთი მცენარე ზომაზე მეტად გაიზარდა, ხოლო ზოგიერთი კი საერთოდ გახმა და დაიღუპა, რასაც ადასტურებს ამჟამად არსებული ცოცხალი მცენარეების მდგომარეობის შედარება ადრეულ საინვენტარიზაციო მონაცემებთან. [10]
ისტორიული დოკუმენტებით, წინანდლის უხუცესთა გადმოცემებითა და დღემდე შემორჩენილი ნახატებიდან, გრავიურებიდან და არსებული მცენარეულობით დასტურდება, რომ იმხანად პარკის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა “მიქსტის” სტილზე იყო შესრულებული. [2, 31]
ალაყაფის კარიდან იშლება პარკის თვალწარმტაცი და ულამაზესი ბუნება. აღმოსავლური სტილის სასახლის წინა ხედი შებურვილია ხვიარა მცენარეებით. ფერწერული პეიზაჟივით წარმოგვიდგება ოვალური თარგის მწვანე პარტერი, რომლის ცენტრში მუდამ მჩქეფარე შადრევანია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი პარკის ძირითადი კომპოზიციური ცენტრია, სადაც გადის მთავარი კომპოზიციური ღერძი. ამ ღერძზე მდებარეობს სასახლე, სასახლის წინა მოედანი და სარდაფი. აქედან ხდება მნახველთა ხეივნებით, გზებითა და ბილიკებით ექვსი სხვადასხვა მიმართულებით განაწილება.
წინანდლის პარკში დაგეგმარების სივრცობრივ-მოცულობით გადაწყვეტაში მთავარი — მნახველთა მოძრაობის ორგანიზაცია ისეა გადაჭრილი, რომ მისი ღირსშესანიშნაობა ყველასათვის მისაწვდომია. მნახველთა მოძრაობისას შთაბეჭდილება კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია კონტრასტებისა და ჰარმონიის უფაქიზესი ნიუანსები, რითაც პარკში შექმნილია უდიდესი მხატვრული ეფექტი. მოედნები, ხეივნები, ორდინარეები და სხვადასხვა ჯიშის მცენარეთაგან შექმნილი ერთეული და დამოუკიდებელი ჯგუფები ისე არიან განლაგებულნი, რომ ქმნიან კონტრასტებს გარემო ფონთან, რის საფუძველზეც ადიდებენ ფერადოვან გამას, აძლიერებენ აღქმას და მნახველი პარკის პეიზაჟებს თითქმის ყოველი ადგილიდან ხედავს. [1, 78]

Old Vintages, Wine Cellar
წინანდლის პარკის მიმართ უდიდეს მოწონებას გამოთქვამდნენ გამბა, დიუმა, ლაიოლი, დრანსე, ასტაფიევი და სხვანი. ისინი წინანდალს “სასწაულს”, “ედემის ბაღს” და არნახულ წალკოტს უწოდებდნენ. პარკის ტერიტორიასთან ორგანულად არის შერწყმული ისტორიული ღვინის ქარხნის ხედი, რომელიც ალ. ჭავჭავაძის მიერ 1835 წელს აგებული ღვინის სარდაფების ბაზაზე 1887 წელს საუფლისწულო მამულმა ააგო. აღნიშნულ ღვინის სარდაფებში ღვინო 1865 წლიდან იწარმოებოდა. ალ. ჭავჭავაძის უნიკალური ენოთეკა, რომელიც ნაწილობრივ დღემდეა შემონახული, სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმულ 70 სახეობის 20 000 ბოთლ ღვინოს შეიცავდა; მათ შორის იყო 1839 წლის დამზადებული საფერავიც. [10] ქარხნისაკენ მიმავალი გზა, რომელიც პარკს შუაზე კვეთს და ლამაზი ხეივნებით მიემართება, გარემოს განუმეორებელ ელფერს სძენს.

სოფიო, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები - Chavchavadze Sisters
არსებობის ისტორიის მანძილზე, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში სამუზეუმო საქმიანობის მმართველობით სტრუქტურაში არსებითი ცვლილებები მიმდინარეობდა. სამუზეუმო მენეჯმენტმა, განვითარების ეტაპებზე ახალი მმართველობითი ფორმები შეიძინა.
მუზეუმი ყოველთვის იყო სახელმწიფო დაქვემდებარებაში, რომელსაც სათავეში ედგა დირექტორი. მაშინ, როდესაც ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, დეკორატიული პარკი, ღვინის ქარხანა და მეურნეობა ალ. ჭავჭავაძის შვილების, საუფლისწულო მამულის, მენშევიკების მმართველობისა თუ კომუნისტური რეჟიმის საკუთრებაში იყო, ერთიანი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და წარმოდგენილი იყო, როგორც ერთიანი ორგანიზმი. [2, 26] მართვის ამგვარი ფორმით საკმაოდ ეფექტურად ხორციელდებოდა კომპლექსის მოვლა-პატრონობის საქმიანობა.
მმართველობითი საქმიანობა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა XX საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც აღნიშნულ კომპლექსს გამოეყო მეურნეობა და ღვინის ქარხნები, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციები. მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროს ეკუთვნოდა, ხოლო დეკორატიული პარკი — სასურსათო საქონლის მრეწველობის სამინისტროს. [11] შედეგად, აღარ არსებობდა ერთიანი მართვის სისტემა, რაც შეუძლებელს ხდიდა ერთიანი კულტურული ცენტრის ეფექტურად მართვას. [2, 26]

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში
მიუხედავად ამისა, XX საუკუნის 80-იანი წლების მონაცემებით, მუზეუმს ყოველწლიურად 50 000 ათას კაცზე მეტი სტუმრობდა. [12]
XX საუკუნის ბოლო წლებში, სახლ-მუზეუმი და დეკორატიული პარკი კვლავ ერთიანი სისტემის ქვეშ მოექცა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. აღნიშნულ პერიოდში, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებისა, მუზეუმმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ სამუზეუმო ქონება გადაერჩინა და არ შეეწყვიტა არსებობა, რაზეც მისი ოცზე მეტი თანამშრომელი ზრუნავდა. [13, 106-108]
დღესდღეობით, მუზეუმი სახელმწიფო დაქვემდებარებაშია და მასზე სახელმწიფო კონტროლს ანხორციელებს თელავის რაიონის გამგეობა. მუზეუმი 49 წლიანი იჯარით გადაეცა “აბრეშუმის გზის ჯგუფ”-ს, რომელიც ანხორციელებს მამულის სარემონტო სამუშაოებს და თანამედროვე ობიექტების აგებასთან ერთად ზრუნავს მის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული ნიშან-თვისებების შენარჩუნებისათვის.
მუზეუმს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამიზნულად დაგეგმილი მენეჯმენტის ფარგლებში ითვალისწინებს ისეთი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას, სადაც რესურსები მიმართული იქნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ და იმის უზრუნველსაყოფად, რომ წინანდალმა მომავალ თაობებს გადასცეს თავისი ისტორია.
მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მუზეუმი, უპირველეს ყოვლისა, ანხორციელებს სახლ-მუზეუმის, პარკისა და ღვინის ქარხნის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რაც ითვალისწინებს დამთავალიერებლისათვის სახასიათო, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შექმნას.
ისტორიულ წყაროებსა და ფოტომასალებზე დაყრდნობით, მუზეუმის სამხრეთ ნაწილში აღდგა სასახლის სასადილო და სასტუმრო ოთახები (#2, #3), რომლებიც იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი შეძლებული, თუმცა ამავე დროს მოკრძალებული გარემოს სურათს ქმნის, სადაც ცხოვრობდა ჭავჭავაძეების ოჯახი, რაც დამთვალიერებელში საკუთარი სახლის სიმყუდროვის, სახლის ყოფილ მცხოვრებლებთან ერთიანობის შეგრძნებას აღძრავს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონი
მუზეუმის ჩრდილოეთით მდებარე ოთახები (#5, #6, #7) დროებით საგამოფენო სივრცეებად გადაკეთდა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახის მემკვიდრეობა არის ექსპონირებული. დროებით გამოფენებზე, რომლებიც 2-4 წელიწადში შეიცვლება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იმოგზაუროს წარსულ დროში, გაეცნოს ისტორიულ მოვლენებს ჭავჭავაძეების ისტორიული სამოთხის შესახებ, ამოიცნოს სასახლის მცხოვრებთა სამყარო და შეიგრძნოს მათი კეთილდღეობის საფუძველი. გამოფენები ისტორიული მასალის გაშუქებასთან ერთად მოახდენს ექსპოზიციის ახლებურ ინტერპრეტაციას ვიდეომასალის, ფოტოების, ისტორიული ტექსტებისა და ცოცხალი წარმოდგენების საშუალებით.
მუზეუმში არსებული სხვა პატარა ოთახები სადემონსტრაციო ფართებად გადაკეთდა, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ რა მიმართებაშია ჭავჭავაძეების ოჯახის მიღწევები დღევანდელ საქართველოსთან.
პირველი სართული სხვადასხვა ნაკეთობების, ფოტოებისა და დოკუმენტების საწყობად იქნება გამოყენებული. აქ განლაგდება სამექანიკოსო ოთახი, აუდიო-ვიზუალური საშუალებების ოთახი და მცველების ოთახი. პირველ სართულზე განლაგებულ ოთახებს შორის არის გიდების ოთახი და სუვენირების პატარა მაღაზია.
სასახლის ხანგრძლივი ვადით უსაფრთხოდ შენარჩუნებისთვის მოეწყო ტემპერატურის, განათების, სინოტივისა და ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებების დარეგულირების სისტემები.
წინანდლის ღვინის ქარხნისა და მარანის კეთილმოწყობის თვალსაზრისით, გარდა დამახასიათებელი არქიტექტურის განახლებისა, გათვალისწინებულია, რომ ღვინის ქარხანა მრავალპროფილიანი კულტურული და სოციალური ცენტრი გახდეს. აქ ხელოვნების დარგის მუშაკებს, მკვლევარებს, გურმანებს, ღვინის სპეციალისტებსა თუ უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ აღმოსავლეთ საქართველოსათვის ტრადიციულად დამახასიათებელი ღვინის დაყენების მეთოდს; დროებითი გამოფენების საშუალებით გაეცნონ ღვინის წარმოების ისტორიას, ღვინის დამზადების ხელოვნებას, საკვებისა და ღვინის კომბინირების პრინციპებს, რაც ლექციებითა და სემინარების საშუალებითაც გაშუქდება; მოინახულონ ღვინის ქარხნისა და მარნის არქიტექტურისა და მისი განახლებისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი გამოფენა; ღვინის წარმოებასა და დაგემოვნებაში დაინტერესებულ პირებს მეგზურობას გაუწევს გურმანების რესტორანი, ღვინის საწარმო და ღვინის მაღაზია.
ამასთან ერთად, დაგეგმილია ღვინის მარნის შესასვლელი დარბაზის გარემონტება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა კერძო ხასიათის ღონისძიებების გასამართავად.
მარანი აგრეთვე დაიტევს შეხვედრებისათვის გამიზნულ ოთახებს, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი ურთიერთობების სამსახურების ოფისებს, საგანმანათლებლო მიზნებისათვის განკუთვნილ ფართობებს, ასევე რეკვიზიტის შესანახ და სამექანიკოსო საამქროებს, სასაწყობე და მცველებისათვის გამოყოფილ ფართობებს, მასმედიისათვის განკუთვნილ ოთახს, მოსასვენებელ ადგილებსა და საპირფარეშოებს, რომლებიც მთელ შენობაში იქნება განთავსებული.
მუზეუმის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს წინანდლის დეკორატიული პარკის განახლება, რაც რეგელის სტილის შენარჩუნებასა და მისი თავდაპირველი დაგეგმარების უდიდესი ნაწილის ძალაში დატოვებას გულისხმობს.
ასევე იგეგმება ახალი ასპექტებიც, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს. ამით პარკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მიმზიდველ სანახაობად გადაიქცევა, სადაც ერთი მხრივ, მნახველთა დიდი რაოდენობის მიღება გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, ყოველ მათგანს ელეგანტურ და მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობა მიეცემა.

დიონისე, წინანდალი
მრავალწლიან სამოქმედო გეგმაში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი მუზეუმის მენეჯმენტის შემადგენელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
აღნიშნული სამსახური გრძელვადიანი ქმედებების მეშვეობით მუზეუმს უკარნახებს მომავალ სამოქმედო გეგმებს. იგი საზოგადოებას ამცნობს მუზეუმის შესახებ და შეეცდება, რომ მუზეუმში საზოგადოების მოსვლა იყოს განუმეორებელი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი. იგი დამთვალიერებელს შესთავაზებს არა მხოლოდ შედევრებს, არამედ დასვენების კუთხეებს, მაღაზიებს, კაფეებს, მუსიკალურ საღამოებს და სხვ.
ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანია მუზეუმში სტუმრების მისაღები ცენტრის დაარსება, სადაც სტუმრებს გაუწევენ მეგზურობას და გააცნობენ წინანდლის მნიშვნელობის შესახებ ისტორიულ მასალას (რუქებს, ბროშურებსა და ღონისძიებების განრიგს). დამთვალიერებლებს საორიენტაციო ფილმის ნახვის შესაძლებლობაც ექნებათ. ფილმის მიზანი ისტორიული რეალიების ზუსტად ასახვა და ოჯახის ცხოვრებიდან და სათავადო მამულის ისტორიიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტების ხაზგასმა იქნება.
აქვე განთავსდება პირადი ნივთების შემნახველი საკნები, მაღაზია, კაფე, მკვლევრებისათვის განკუთვნილი სამუშაო ოთახები და საინფორმაციო რესურს-ცენტრი, სახლის მომვლელი ჯგუფი, დასუფთავების სამსახური, დაცვის სამსახური და სასაწყობე მეურნეობა დაიდებს ბინას.
აგრეთვე, მამულის ტერიტორიაზე დაგეგმილია აშენდეს კაფე, საღამოს გასართობი ობიექტი, რომელზედაც ცოცხალი წარმოდგენების გასამართად ხუთი სცენა დამონტაჟდება აგრეთვე სახელოსნოები საგამოფენო დარბაზებითურთ. [10]
დღესდღეობით, მუზეუმის საქმიანობაში მიმდინარე რეორიენტაცია სახავს პერსპექტივებს, რომ ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი იყოს განსაცვიფრებელი, მოსახერხებელი და შთამაგონებელი ნებისმიერი ტიპის დამთვალიერებლისათვის.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. ხმალაძე ი., წინანდლის სავანე, თბ., 1975
2. მეგუთნიშვილი ს., წინანდალი საქართველოს კულტურის საგანძური, თბ., 2006
3. ბოგველიშვილი გ., წინანდალი, თბ., 1967
4. ბარონ ნიკოლაის არქივი, საქ. ლიტ. მუზეუმი. ფ.#3526-6
5. ჩხეიძე თ., საუფლისწულო მამულები კახეთში 1885-1921წწ.,თბ., 1968
6. Центральный государственный исторический архив в гор.Ленинграде, ф. 515, оп. 81, д. 964 л, 1-2.
7. გონჯილაშვილი ბ., ჭავჭავაძეთა ნაფუძარზე, თბ., 1999
8. ქარაია ი., ბურჭულაძე მ., ქარაია ლ., ცისკარიშვილი ს., საქართველოს მუზეუმები, გზამკვლევი, თბ., 2006
9. მირზაშვილი ვ., მერქნიან მცენარეთა აკლიმატიზაცია-ნატურალიზაცია საქართველოს პარკებში, თბ., 1934
10. http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/alexandrechav.html
11. ბოგველიშვილი გ., ხეები ზეზეულად კვდებიან, გაზ. „ლიტერატურული გაზეთი”, 1957, #15
12. Алавидзе З., Внов Цинандалского Парка, газ. «Заря Востока» 1978, #163
13. ბოგველიშვილი გ., წინანდლის ცის ქვეშ, მემუარული ჩანაწერები, თბ., 1997
მაკა შავგულიძე
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
დოქტორანტ