Wednesday, May 2, 2012

ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეტური სტილის პრობლემა




ქართველ რომანტიკოს პოეტთა შემოქმედების ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ წარმოადგენს მეცნიერული პოლემიკის საგანს. ეს განსაკუთრებით შეეხება ალ. ჭავჭავაძეს, რომლის ნაწარმოებებში ესა თუ ის მკვლევარი პოულობს სრულიად განსხვავებული ლიტერატურული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და, ამ უკანასკნელთა ინტერპრეტაციის შესაბამისად, მიაკუთვნებს მის პოეტურ მემკვიდრეობას რომანტიზმს, კლასიციზმს, სანტიმენტალიზმს ან მიიჩნევს ძველი ქართული ლირიკის განვითარების უკანასკნელ საფეხურად, და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ პოლისტილურობა, რომლითაც აღბეჭდილია ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება, საერთოდ, დამახასიათებელია XVIII ს. დასასრულისა და XVX ს. პირველი ნახევრის ლიტერატურისთვის. ასე, მაგალითად, რომანტიკული და რეალისტური პოეტიკის ნიშნები ერთდროულად გვხვდება „დიდი რეალისტის“, ბალზაკის „ადამიანურ კომედიაში“; ასევე, პუშკინმა, რეალიზმის პოზიციებზე გადასვლისას, საბოლოოდ როდი შეაქცია ზურგი რომანტიზმს, არამედ დიდწილად თავისი სიჭაბუკისდროინდელი რომანტიკული მრწამსის ერთგული დარჩა. გ. გაჩევის თქმით, „ამ პერიოდში არსებობს ხელოვნებისა და ლიტერატურის ორი ტიპი: ერთი მხრივ, გოეთე-შილერის, მოცარტ-ბეთჰოვენის სინთეზური ხელოვნება, მეორე მხრივ კი - რომანტიზმი...“ (5,150). საზოგადოდ, აღიარებულია, რომ რომანტიზმის ეპოქაში სრული განვითარება ჰპოვა სტილების ურთიერთჩანაცვლების, მათი „თამაშის“ იდეამ.
ტერმინი „სინთეზური“ აღწერითი ხასიათისაა და ვერ განმარტავს რომანტიზმის ეპოქაში პოლისტილური ხელოვნების ფართოდ გავრცელების მიზეზებს, თუმცა ის მაინც უფრო ადეკვატურია, ვიდრე ამგვარი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სტილური მრავალფეროვნების უგულებელყოფა, რაც გამოიხატება, მაგალითად, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური პოეზიის მიკუთვნებაში ხან ერთი, ხან - მეორე ლიტერატურული მიმდინარეობისადმი.
როგორც ჩანს, აქ გარკვეული როლი შეასრულა ე. წ. ასოციაციური აზროვნების ინერციამ, რომელიც გულისხმობს ორი მოვლენის (ამ შემთხვევაში - ამა თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობის და, მეორე მხრივ, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების) შესახებ მეტ-ნაკლებად სტატიკური წარმოდგენების ურთიერთშეკავშირებას და, შედეგად, ცალმხრივი დასკვნების გამოტანას. ამგვარი კვლევისას მეცნიერის თვალთახედვის არის მიღმა რჩება შესასწავლი მასალის კონკრეტული, განუმეორებელი თავისებურებანი.
ასოციაციური აზროვნება (სემიოტიკის მამამთავრის - ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით) ენის, ენობრივი პლანის დამახასიათებელია. ის არ ითვალისწინებს ტექსტების არსებით ასპექტებს, კერძოდ, მათ სისტემურობას, მათში მონაწილე ერთეულების სინტაგმატურ ურთიერთმიმართებებს ანუ მათ სტრუქტურას.
რას გულისხმობს ტექსტის ერთეულთა სინტაგმატური მიმართებების ანალიზი? ესაა ტექსტის განხილვა მეტყველების პლანის გამოვლინების სახით, ანუ გათვალისწინება იმისა, რომ ტექსტში, როგორც სისტემაში, „თითოეული წევრი ნიშნობრივი ღირებულებით აღიჭურვება მხოლოდ წინამორბედ ან მომდევნო (ან ორივე) წევრთან შეპირისპირების მეშვეობით“ (8; 155).
ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოკვლევებში მის ტექსტთა შეპირისპირების ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნევა. პირიქით, იზოლირებულად განიხილება პოეტის სატრფიალო ლირიკა, ეროვნული და სოციალური თემატიკისადმი მიძღვნილი ლექსები და, ბოლოს, „გოგჩა”.
(სინტაგმატური მიმართებები ანუ ტექსტის სტრუქტურა ყურადღების ცენტრში მოექცა უკვე რუს ფორმალისტთა ნაშრომებში, აგრეთვე - სტრუქტურალიზმსა და შემდეგდროინდელ თეორიულ კონცეფციებში. ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია ბახტინისეული კონცეფცია დიალოგიზმის შესახებ და თვით ტერმინი დიალოგურობა, რომელიც აშკარად მიუთითებს ავტორის მიერ ტექსტის, როგორც მეტყველების პლანისადმი მიკუთვნებული ფენომენის განხილვის შესახებ. ასოციაციური აზროვნების პრინციპებით ვერასოდეს გამოვლინდებოდა დოსტოევსკის რომანების პოლიფონიურობა, მათი დიალოგიზმი. ენა დიალოგური ვერ იქნება, დიალოგური შეიძლება იყოს მხოლოდ მეტყველება. პოლიფონიურობის ცნება შემდგომ მოგვევლინა ინტერტექსტუალობის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპის სახით).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილი ლიტერატურის განვითარების სინთეზურ ანუ პოლისტილურ ეტაპს, რომელიც წინ უძღოდა რომანტიზმს, წინარერომანტიზმს ანუ „პრერომანტიზმს“ უწოდებს. მათი აზრით, ეს უკანასკნელი სწორედ სტილური ეკლექტიზმის გამო არ მიეკუთვნება რომანტიზმს. ამასთან, თუ დადასტურდება, რომ სტილური ეკლექტიზმი სწორედ რომანტიზმმა შემოიტანა, მაშინ ჟბჟ საუკუნის პირველი ნახევრის ყოველი პოლისტილური ლიტერატურული ფენომენი რომანტიზმს უნდა მივაკუთვნოთ.
ასეთ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ რომანტიზმის პოეტიკის პრინციპები პოლისტილურ ხელოვნებაში მეტად სპეციფიკური ფორმით ვლინდება.
ამავე თვალსაზრისის თანახმად, ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში კლასიცისტური პოეტიკის ელემენტების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ პოეტი, თავისი მრწამსით, კლასიცისტი იყო. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიმდინარეობათა მიმართ.
* * *
ყოველთვის, როდესაც ამა თუ იმ ხელოვანის მიერ შექმნილ მხატვრულ ტექსტებში ვლინდება ურთიერთგანსხვავებული მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, შეიძლება ვიმსჯელოთ არა მარტო ავტორის მრწამსის ევოლუციის (ან კიდევ - „სინთეზურობის„) შესახებ, არამედ - სინქრონულ ჭრილში - მის ცნობიერებაში განსხვავებული თვალსაზრისებისა და, შესაბამისად, „ხმების“ თანაარსებობის შესახებ. ისეთი შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც „ხმების“ „დიალოგი“ წარიმართება ცალკეული ტექსტების ჩარჩოებში (ამის ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქმნილებები), მათი ურთიერთმიმართება თავს იჩენს ყველა ტექსტის როგორც ერთიანი სისტემის (რომლის ელემენტებადაც გვევლინებიან ცალკეული ნაწარმოებები, ან მათი თემატურად ან კიდევ - სხვა პრინციპით ორგანიზებული ჯგუფები) ფარგლებში.
სწორედ ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებთა თემატური შეპირისპირება იძლევა მათი ახლებურად გააზრების შესაძლებლობას. კერძოდ, აქ გასათვალისწინებელია, პირველ რიგში, „გოგჩისა“(და თემატურად რომანტიზმისადმი მიკუთვნებული სხვა ლექსების) და, მეორე მხრივ, ალ.ჭავჭავაძის შემოქმედების მთელი დანარჩენი ნაწილის ურთიერთმიმართება. ამ უკანასკნელის შესაბამისობას პოეტის ჭეშმარიტ განწყობილებებთან, ერთგვარად, ეჭვქვეშ აყენებს „გოგჩა“, მისი ტრაგიკული, რომანტიკული მსოფლაღქმით, და ხელოვნურობის იერსაც კი ანიჭებს მას. შემთხვევით როდი წერდა კიტა აბაშიძე, რომ ალ. ჭავჭავაძეს „ერთხელაც არ მოუმართავს თავისი ქნარი ისე, რომ კვნესით აღსავსე ჰანგები არ დაემღერებინოს ზედა, ერთხელაც არ ჩამოუკრავს სიმები თავისი ჩონგურისა, რომ ცრემლის მომგვრელი სამგლოვიარო ხმები არ გამოეცეს მის ჩონგურს“ (1; 22).
დაახლოებით მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამდა გ. ასათიანიც: „ალ. ჭავჭავაძის ჯედონიზმი პესიმისტური წარმოშობისაა და სამყაროს გარდუვალ, სასტიკ ძალთა წინაშე ადამიანის ფიზიკური უმწეობის, მისი წარმავლობისა და ბედუკუღმართობის შეგნებაში ჰპოვებს თავის ნიადაგს“ (2; 104).
ეს ინტუიციურად მიგნებული მართებული დასკვნები დამატებით დადასტურებას საჭიროებს, რაც შეიძლება განხორციელდეს ალ. ჭავჭავაძის ზოგიერთი სტილური ნიშნის ანალიზის მეშვეობით.
კერძოდ, ალ. ჭავჭავაძის ენობრივი სტილი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მრავლობითი რიცხვის ფორმების ხშირი გამოყენებით: „მდგმურთა“, „ჭურთა“, „მზაკვარნი სულნი“... („ვაჰ, სოფელსა ამას“); „ჰკვნესს გული, ძმანო“...(„პყრობილისაგან თანაპყრობილთა მიმართ“); „შენობათა“, „ქალაქნი“, „პალატთა“, „ბანოვანთ“, „ხელოვანნი“ („გოგჩა“) და ა.შ.
ხშირად გვხვდება განმაზოგადებელი მეტონიმიები: „ძალი დავალს ღიმით ნაქცევთა ზედა“ („ვაჰ, სოფელსა ამას„), „აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად“ („გოგჩა„) და სხვ.
განსაკუთრებით დამახასიათებელია სინეკდოქეებისა და გაცვეთილი მეტაფორების ხმარება. ყველა ამ ელემენტს ერთი და იგივე ფუნქცია აკისრია, კერძოდ, თუ მრავლობითი რიცხვი ახორციელებს საგანთა განზოგადებას და შესაბამისად, მათი, როგორც თვისებრივად განუსხვავებელი ობიექტების ერთობლიობის წარმოდგენას, სინეკდოქეები, თავის მხრივ, „ამქრქალებენ საგანთა კონტურებს“ (რ. იაკობსონი) და გაცვეთილი მეტაფორებიც ერთგვარად ნიღბავენ საგანთა კონკრეტულ ნიშან-თვისებებს.
ობიექტური სამყაროს ალ. ჭავჭავაძისეული ხედვა, ფაქტობრივად, მისი „არხედვაა“, რაც გულისხმობს პოეტის მიერ ამ სამყაროსადმი უარყოფით დამოკიდებულებას. „უცხო“სამყარო - უძრავი, სტატიკური და ბრტყელია. ამ სამყაროში არ მოიპოვება დისკრეტული ობიექტები და ამიტომ ის დაუნაწევრებლად აღიქმება, უცხოენოვანი მეტყველების მსგავსად...“; ამასთან, „უცხო საგნები და საგნობრივად აღქმული ცოცხალი არსებები წარმოქმნიან ერთიან, დაუნაწევრებელ, მტრულ მასას, რომელიც შედგება აბსოლუტურად იგივეობრივი, ერთი და იმავე სახელწოდების მქონე ერთეულებისგან“.(7; 58).
აქედან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძესთან მრავლობითი რიცხვის ფორმები, მეტონიმიები (სინეკდოქეები) და გაცვეთილი მეტაფორები იმავე როლს ასრულებს, რაც ეკისრება „ბინდის“, „შემოღამების“ მოტივს ნიკოლოზ ბარათაშვილთან და, საერთოდ, მთელ რომანტიკულ მწერლობაში.* „ბინდის“ მოტივი წარმოქმნის სამყაროს როგორც „უცხო“, „შემზარავი“მოცემულობის ხატს. ასევე აღიქვამს გარემოს ალ. ჭავჭავაძე. პოეტისთვის გარესამყარო „უცხო“ სამყაროა, რომელშიც მისი თვალთახედვა ვერ არჩევს კონკრეტულ საგნებს მათთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თვისებებით.
კიდევ უფრო საინტერესოა ალ. ჭავჭავაძის ქმნილებებში ხორცშესხმული „მე„-ს კონცეფცია.
ვფიქრობთ, მართებული არაა თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ალ. ჭავჭავაძის სატრფიალო ლირიკის მთავარ საგანს ადამიანის პირად, სუბიექტურ განცდათა სამყარო წარმოადგენს... ამ მხრივ იგი მართლაც ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტია, როგორც ეს არაერთგზის აღნიშნულა მისი შემოქმედების მკვლევართა მიერ“ (2;105).
თუმცა ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში „სუბიექტურ განცდათა სამყარო“ მართლაც წარმოჩენილია, მაგრამ ის სულაც არ გახლავთ ინდივიდუალისტი. პოეტი არ ასახავს სამყაროს ორიგინალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვალთახედვით. მისი განცდები-მისივე სოციალური წრის განცდებია.
პოეტის „მე“წარმოგვიდგება, როგორც „ჩვენ“-ის, ე.ი. ჯგუფური, არაინდივიდუალური (და არა - ინდივიდუალისტური, საზოგადოებისადმი დაპირისპირებული) სუბიექტის მეტონიმიური გამოხატულება. ამგვარი „მე“ გამორიცხავს თვითანალიზს.
ალ. ჭავჭავაძის მსოფლშეგრძნებაში სამყარო ორადაა გაყოფილი: „ჩვენ“და „ისინი“, „საკუთარი“და „უცხო“ სამყაროები. ეს ანტინომია უკვე შეესაბამება პიროვნების რომანტიკულ კონცეფციას, მის გაორებას, წინააღმდეგობრიობას, თუმცა მას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლაღქმის ტრაგიზმამდე, ანუ პიროვნებისა და საზოგადოების, პიროვნებისა და მისი შინაგანი ორეულის, პიროვნებისა და სამყაროს მძაფრ, გაშიშვლებულ, აშკარად გამოხატულკონფლიქტამდე.
რა შინაარსი აქვს ამ „უცხო“ სამყაროს? და აქვს თუ არა მას, საერთოდ, კონკრეტული შინაარსი? აშკარაა, რომ „უცხო“სამყარო მოიცავს ყოველივეს, რაც „ჩვენ“ არ არის, ხოლო „ჩვენ“, რა თქმა უნდა, პოეტის „მიკროსამყაროა“, „სადაც ადამიანი ჩვეულ ატმოსფეროს ისუნთქავს და მყარ ნიადაგზე თავს ლაღად გრძნობს“ (5; 149), ანუ ესაა მისი უახლოესი სოციალურ გარემო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძის პოლისტილური შემოქმედება ერთმნიშვნელოვნად განეკუთვნება არა პრერომანტიზმს, არამედ - საკუთრივ რომანტიზმს, ხოლო თვით ეს „პოლისტილურობა“პოლიფონიურობის ერთგვარ გამოხატულებად გვევლინება. ვფიქრობთ, პოლისტილურობა და პოლიფონიურობა ურთიერთს ემთხვევა სწორედ რომანტიზმის ეპოქაში, როდესაც იწყება პიროვნების ცნობიერების მონოლითურობის რღვევა და საფუძველი ეყრება მისი შინაგანი გაორების პროცესს.
როგორ აღიქმება ამგვარ ფონზე ალ.ჭავჭავაძის სატრფიალო ლექსები, მისი „წარმართული სენსუალიზმი“?
ამ ნაწარმოებების ყველაზე აშკარად გამოხატულ სტილურ თავისებურებას წარმოადგენს სატრფოს გარეგნობის დეტალური აღწერა. ერთი შეხედვით, ალ. ჭავჭავაძის ეს მანერა ბესიკის სტილს მოგვაგონებს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავება შეიმჩნევა.
ბესიკთან დეტალი სინეკდოქეს, ე. ი. pars pro toto -ს ფუნქციით გამოიყენება („ზილფო ნაშალო...“, „მთიებო პირო'), მაგრამ არასოდეს ჩრდილავს სატრფოს სახეს, მით უმეტეს, რომ სინეკდოქეს, ჩვეულებრივ, მოსდევს უშუალო მიმართვა ამ toto -ს, ე. ი. სატრფოსადმი: „კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო“ (შდრ. აგრეთვე: „ტანო ტატანო... ზილფო კავებო...“ და იქვე: „პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო„). ზოგჯერ დეტალი მშვენიერი ქალის გარეგნობის ერთ-ერთი ნიშნის სახით წარმოგვიდგება („თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად“ და ა. შ.).
ბესიკისაგან განსხვავებით, ალ. ჭავჭავაძე მიმართავს ქალის გარეგნობის ატრიბუტების, მისი სხეულის ნაწილების გროტესკულ განკერძოება-გაცოცხლებას და ტრფობის ობიექტების სახით სწორედ მათ ასახელებს:
„საროს ტანისთვის დაგვეკარგვის სასუფეველი...“
(„მუხამბაზი“)
„ბაგე ვარდო, ნამით სველო, სუნნელთაგან მომსუნთქველო,
შუქმან შენმან განმანათლოს, ო, სპეტაკო ზამბახთ ველო!“
(„ჟამნი რბიან“)
„ვეტრფი სატრფოთა თვალთა,
ღაწვ-ვარდთა, ბაგე-ლალთა“
(„უწყვლივარ ჭირთა მალვას“)
„ალვასა წვრილსა, ორ შტოვანსა გული ემონვის,
ექადის ხვევნად, უბის ვარსკვლავთ შორით ეკონვის...“
(„მუხამბაზი“)
„ვაქე, თავსა თმა მდიდარსა, რომელსა, გლახ, უბამს გული“
(„ვაქე, თავსა“)
და სხვა.
ამ სტილური ხერხის მეშვეობით დეტალი სატრფოს სახის რეპრეზენტირებას (სინეკდოქეს პრინციპი) კი არ ახდენს, არამედ თვითონ იკავებს მის ადგილს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სატრფოს გარეგნობა ერთგვაროვანი მეტაფორული გამოთქმებით აღიწერება - მისი ტანი ყოველთვის „საროა“ ან „ალვა“, ღაწვები და ბაგეები - „ვარდნი“, „ძოწნი“, „ბალახში“, თვალები - „მელნის ტბანი“, რის შედეგადაც სატრფო წარმოგვიდგება უპიროვნო და უსიცოცხლო მარიონეტის სახით. სწორედ ამ გზით ხორციელდება სატრფოს სახის გროტესკული დეფსიქოლოგიზაცია.
საყურადღებოა თვით სიყვარულის ალ. ჭავჭავაძისეული კონცეფციაც. ლექსი „სიყვარულო, ძალსა შენსა“ უშუალოდ მიგვანიშნებს, რომ „ბერი, ერი, მეფე, ძმაცა“ სიყვარულს კი არ განიცდიან, არამედ - „ჰმონებენ“, რაც გულისხმობს ადამიანთა იერარქიული სოციალური და ა. შ. როლებისა და ფასეულობითი ოპოზიციების ურთიერთშენაცვლებას, ეს კი, ბახტინის მიხედვით, დაღმასვლით, ზემოდან ქვემოთ ხორციელდება (შესაბამისად, ალ. ჭავჭავაძესთან: “...მეფე მონას ეყმოს, ...ბრძენი ხელად რებდეს“). მაშასადამე, სიყვარული მხოლოდ სახელწოდებაა იმ გარეშე ძალისა, რომელიც ადამიანებს მარიონეტებივით ათამაშებს.
ამგვარად, ალ. ჭავჭავაძისთვის დამახასიათებელია ყოფიერების კარნავალური აღქმა. პოეტი ამ კარნავალს „აღრეულობას“ (რაც თითქმის ზუსტად შეესაბამება ბახტინისეულ გამოთქმას „бессвязность миропорядка“) უწოდებს:
„აღრეულობის შიშები ვისაც არ გამოეცადოს,
მან მშვიდობისა სწორფასი ვერ დასდვას, რაზომც ეცადოს,
უბედურების ცხარს ცრემლსა ჯერ უნდა ბევრჯერ ეხადოს,
რომ კაცი დასტკბეს შემდგომად, როს ბედი გამოეცხადოს“.
ეს „აღრეულება“ არ უნდა მივიჩნიოთ ომად, ომიანობად („მშვიდობის“ ოპოზიციურ ცნებად); არამედ - სწორედ უწესრიგობად, ცვლილებად (იხ. მაგალითად, გამოთქმა „მელნისა ტბათა აღრეულება“ ლექსში „ავათმყოფობის ჟამს მიწერილი„), ცხოვრების კარნავალურ შეტრიალებად. სიტყვა „მშვიდობა“ კი აქ, როგორც ჩანს, ოდინდელ, კარნავალამდელ მსოფლწესრიგს აღნიშნავს.
აღრეულება ტოტალურია, მაგრამ დროებითი - ყოველგვარი კარნავალი ადრე თუ გვიან მთავრდება. კარნავალის დასასრული ალ. ჭავჭავაძეს წარმოუდგება, როგორც იმ ძველი პატრიარქალური ცხოვრების დაბრუნება, რომელსაც პოეტი „გოგჩაში“ ასე შენატრის.
სამყაროს, როგორც საშიშარი თეატრისა და ადამიანების, როგორც მარიონეტების გააზრება ცხადჰყოფს, რომ აქ საქმე გვაქვს რომანტიკულ გროტესკთან: „რომანტიკული გროტესკის სამყარო ესაა მეტ-ნაკლებად შემზარავი და ადამიანისთვის უცხო სამყარო. ყველაფერი ჩვეული, ნაცნობი, ყოფითი, მკვიდრი იქცევა უცხო სამყაროდ“ (4,331). სწორედ ასეთია არსებობის ჭეშმარიტი (ტრაგიკული) აღქმა, რომელიც თავს იჩენს ალ. ჭავჭავაძის ნაწარმოებებში.
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ, წარმოგვედგინა ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების სიღრმისეული შრეების შესწავლის ერთგვარი წინასწარი მონახაზი. ამ კუთხით შესწავლას საჭიროებს აგრეთვე სხვა ქართველი რომანტიკოსი პოეტების და, განსაკუთრებით, გრიგოლ ორბელიანის ქმნილებები.
დამოწმებული ლიტერატურა: 1. კ. აბაშიძე, ეტიუდები. თბ., 1962; 2. გ. ასათიანი,„ვეფხისტყაოსნიდან“ „ბახტრიონამდე“. თბ., 1974; 3. ირ. კენჭოშვილი, წინასიტყვაობა წიგნისა „ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებები“, თბ., 1986; 4. Бахтин М.М. Литературно-критические статьи. М.,5. Гачев Г.Д. Жизнь художественного сознания. М., 1972 6. Пеньковский А. Б. О семантической категории “чуждости” в русскоом языке - Проблемы структурной лингвистики 1985-1987. М., 7. Соссюр Ф.Д. Труды по языкознанию. М., 1977.
Tamar Lomidze
Problem of Alexander Chavchavadze's Poetic Style
The article characterizes the stylistic peculiarities of the works of the famous Georgian poet. It has been found out that the universe in his disposition is divided into “private” and “strange” worlds. It is indicated that the elements of the romantic grotesque are revealed in Alexander Chavchavadze's works.

თამარ ლომიძე


No comments:

Post a Comment

Post a Comment